საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლის აღსანიშნავად უნივერსიტეტს ეწვია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად, მეორე კორპუსის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეა და ჩვენ ვუმასპინძლეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, მოვინახულეთ უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სადაც სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ მალე უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი, როგორიც ეკადრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიასა და თანამედროვეობას.
მინდა, ყველას მივულოცო უნივერსიტეტის იუბილე, განსაკუთრებით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მთელ საზოგადოებას და ყველა უნივერსიტეტელს დიდი წარმატება ვუსურვო.“
საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის ჯამში 27 მილიონი ლარი დაიხარჯება. შიდა სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, რომლის განსახორციელებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ 5,7 მლნ ლარი გამოყო. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი 2019 წელს დაიწყო და ის 2021 წლის ბოლოს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად მოხდება შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მეორე კორპუსი სრულად დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. სულ გარემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.
თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ სავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ, ისტორიულ კორპუსს, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარით ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებისას, რომელიც 2008-2011 წლებში მიმდინარეობდა, პირველი კორპუსში შეიცვალა სახურავი, გადახურვა და ფანჯრები, წყლის სისტემები, დამონტაჟდა გათბობის სისტემები, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, განათებები, დამონტაჟდა ლიფტი, ფასადს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თსუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სააქტო და საგამოფენო დარბაზებში მოეწყო კონდიცირების სისტემები, ასევე - კეთილმოეწყო შიდა ეზო.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. 1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.