საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროსაბჭოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, სარა კიტინგს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზე და განათლების სისტემის განვითარების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას –ევროსაბჭოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომელიც წარმატებით განხორციელდა. პროექტი გულისხმობს სკოლების ავტონომიურობის გაძლიერებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობას.