მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიანთკარში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სააგენტოების, მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი თვითმმთაველობის, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაწესებულებამ ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და შემოდგომაზე პირველი მიღება განახორციელა. ამჟამად, კოლეჯში აგრარული მიმართულების 3 პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, 2 სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) მიდგომით. ძირითადად, კოლეჯი აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზეა ორიენტირებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ტურიზმისა და საინჟინრო მიმართულების კვალიფიკაციების განვითარება, რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.