სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსებს. სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და გალფის წარმომადგენლებმა გადასცეს.
კომპანია „გალფი“ ეხმარება სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მიღება. საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელების საშუალება კი არ გააჩნიათ.
გალფის გენერალური დირექტორის გიორგი დევაძის თქმით, კომპანიას კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და მუდმივად აპირებს იზრუნოს იძულებით გადაადგილებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე.