სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან ნანა მაჭავარიანთან ერთად, კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მოსწავლეებს, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების ჩართულობით, სხვადასხვა პრიზი, სამახსოვრო საჩუქრები და პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისგან სერტიფიკატები გადაეცემათ. კონკურსს „ანიდან ჰოემდე“ ორგანიზება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გაუწია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეული – 2021“ გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის. მოზარდები მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო და სახალისო ფორმატში ეცნობოდნენ მეცნიერების საფუძვლებს. მათ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით შეხვედრებში და პირადად მოესმინათ ქართველ მეცნიერთა ლექცია-საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ზაალ აბაშიძესთან ერთად, ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სამი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ – გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.