საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 21 სექტემბერს ბათუმი სამეცნიერო ღონისძიებას „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ უმასპინძლებს, რომლის მიზანს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოსწავლეების საზღვაო მეცნიერებებით დაინტერესება წარმოადგენს.
ახალი სასწავლო წლიდან პროექტი „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, რომელიც სკოლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლობას გულისხმობს, ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მათ მიერვე შერჩეულ კვლევით ინსტიტუტს ეწვევიან, მეცნიერთა საქმიანობას გაეცნობიან და მიიღებენ უახლეს ინფორმაციას მიმდინარე კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების შესახებ. „შემოაღე კარი მეცნიერებაში“, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ხორციელდება.
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად საქართველოში აგრარული მეცნიერებების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული გამოფენა გაიმართება, რომელიც უფროსკლასელებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებსა თუ ამ სფეროს წარმომადგენლებს უახლესი კვლევითი მიღწევების გაცნობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელწოდებით - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ აჭარის რეგიონში სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც 21 სექტემბერს ბათუმში ღია ცის ქვეშ გაიმართება.