ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მიზნების განხილვა და შეთანხმება.
აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება წარმოადგენს ქვეყნის საჯარო სექტორში მიმდინარე საჯარო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს, რამდენადაც სწორედ გამართული შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებას.
უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან 12 ცენტრალური სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა მინისტრები, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელების მოადგილეები. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დეპარტამენტი.