საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ადგილობრივი რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორებთან დისკუსია გამართეს.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინა და განათლების ხელმისაწვდომობაზე, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლების ავტორიზაციის სტანდარტებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა „ახალი სკოლის“ დანერგვით მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი რესურსცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლებს პრობლემურ საკითხებზე საუბრის საშუალება მიეცა.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე აჭარის 5 სკოლაში, ქ. ბათუმის პირველ, მე-17, მე-20, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის № 1 საჯარო სკოლასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლაში, ხორციელდება. მთელი საქართველოს მასშტაბით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულია 165 სკოლა, 34 000 მოსწავლე და 3096 პედაგოგი.