მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სისტემატურად ეცნობა სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას და ადგილზე აფასებს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებს.
ამჯერად ეკატერინე დგებუაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე თბილისის 65-ე და 72-ე საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სასწავლო პროცესი უკვე მეორე დღეა ჩვეულ ფორმატში მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება მიულოცა, მადლობა გადაუხადა სკოლის პერსონალს პანდემიის პირობებში გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სამუშაო ჩატარდა როგორც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, სკოლების მონახულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გააგრძელებს.