ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. გურიის რეგიონში წელს 139 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.