გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა. ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო გამყოლი და სამთო გამყოლი და ასევე სასერთიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა მუშაობა შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან ერთად, რათა ახალი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიყო.
გუდაურის სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს, შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლას უკვე ჰყავს სტუდენტების პირველი ნაკადი. აქ სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან. გუდაურის გარდა, საწვრთნელი ცენტრების მოწყობა მიმდინარეობს საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში (მესტია, ბაკურიანი, გოდერძის უღელტეხილი, გუდაური).