„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელიც შეისწავლის ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი ცხოვრების პირობებს. იგი 90-იანი წლებიდან რეგულარულად ხორციელდება ევროპის ოცზე მეტ ქვეყანაში. „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო პროექტის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სოციალური სფეროს შესახებ შედარებითი მონაცემების შეგროვება, კერძოდ, ინფორმაციის შეგროვება სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, საერთაშორისო მობილობის და სხვ. შესახებ. „ევროსტუდენტის“ მიზანია, ასევე, ევროპის უმაღლესი განათლების სტრუქტურირებული და სტანდარტიზებული მონიტორინგის სისტემის შექმნა, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, ჩამოყალიბდეს ეფექტური სტრუქტურული საზომი და ცვლილებები სტუდენტების სპეციფიკური ჯგუფებისთვის; კვლევის მიზანია მიმდინარე სიტუაციის აღწერა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში სიტუაციის შედარების საფუძველზე ერთიანი ევროპული განათლების სივრცის ფუნქციონირების პრობლემების და ბარიერების გამოვლენა.
ქვეპროგრამის - „ევროსტუდენტის ეროვნული პროექტი“, მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების პირობები, აგრეთვე, სწავლასთან და საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ტარდება ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ხორციელდება „ევროსტუდენტის“ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. საქართველოს მონაცემები გააანალიზდება ევროპის ქვეყნების სტუდენტების შედეგების ჭრილში და შევა საერთაშორისო შედარებითი ანალიზის ანგარიშში.
2014 წელს საქართველომ ევროსტუდენტის მე-5 ტალღაში მონაწილეობა მიიღო, როგორც საპილოტე ქვეყანამ. 2016-2018 წწ. საქართველო სრულად იყო ჩართული ევროსტუდენტის საერთაშორისო პროექტის VI ტალღაში. 2018 წელსვე დაიწყო ევროსტუდენტის კვლევის შემდგომი, მეშვიდე ტალღა, რომელიც 2021 წელს დასრულდა და მასში 26 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. 2021 წლის ბოლოს დაიწყო კვლევის ახალი, მერვე ტალღა, რომელიც მოიცავს 2021-2024 წლებს და 27 მონაწილე ქვეყანას. კვლევა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კვლევის შედეგად გამოვლინდება სტუდენტთა მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში და სხვადასხვა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები, ასევე, ქვეყანაში არსებული მთლიანობითი სურათი გენდერულ, ასაკობრივ, რეგიონალურ და სხვ. ჭრილებში. გაკეთდება შედარებითი ანალიზი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების პირობებს შორის. კვლევის შედეგად, ასევე, გამოვლინდება უცხოელ სტუდენტთა სწავლისა და ცხოვრების პირობები საქართველოში და მათი სპეციფიკური საჭიროებები. გარდა ამისა, ახალ, მერვე ტალღის კვლევაში გაიზომება პანდემიის დადებითი თუ უარყოფითი გავლენები სტუდენტთა სწავლასა და ცხოვრებაზე.
პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაიზიაროს ევროპის ქვეყნების სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური და ცხოვრების პირობების გამოცდილება, აგრეთვე, გააანალიზოს სტუდენტთა მობილობის პარამეტრები და გაეცნოს ამ თვალსაზრისით ევროპაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
საბოლოო ჯამში, პროექტი საშუალებას მისცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაგეგმოს ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და შესაბამისი პროგრამები.
დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.eurostudent.eu