სკოლამდელი განათლება
უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი
პროცესია და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა შესაძლებელია ერთობლივად, მშობლების, ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და სრულიად საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, თითოეული ჩვენთაგანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.
როდესაც ბავშვი სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით,
იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი
და სხვა) და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას.
სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშესაწყობად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო.
სამმართველოს მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი განათლების
თანაბარ ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადებას და მათთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას. სამმართველო ახორციელებს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას; მუნიციპალიტეტების მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ხარისხიანი
სკოლამდელი განათლების ხელშესაწყობად.
ადრეული
და სკოლამდელი განათლების სფეროში განხორციელებული საქმიანობები:
- 2016 წლის 8 ივნისს დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (N5366-IIს), რომელიც აწესრიგებს საქართველოში
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა
და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს; განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების,
მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს,
ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას.
- გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ მხარდაჭერით შემუშავდა
„ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო
სტანდარტი“ (რომელიც აწესებს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის
მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის
მახასიათებლებს) და „აღმზრდელ-პედაგოგის
პროფესიული სტანდარტი“ (რომელიც
განსაზღვრავს აღმზრდელ-პედაგოგისათვის საჭირო ცოდნას და კომპეტენციებს).
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს N110/ნ ბრძანებით დამტკიცდა "სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი", რომლის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა სასკოლო მზაობის პროგრამის აღმზრდელის გზამკვლევი, სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ტრენინგ მოდული
აღმზრდელ-პედაგოგებისათვის, ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს მოწყობისთვის საჭირო მასალებისა და რესურსების სარეკომენდაციო ჩამონათვალი (იხ: http://ncp.ge/ge/preschool-education/general-part/damkhmare-sakhelmdzghvaneloebi). სასკოლო მზაობის
პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაწყებულია სასკოლო მზაობის პროგრამის
მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება მონიტორინგი,
მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება პროგრამის შემდგომი
განვითარებისათვის.
- სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები განთავსებულია პორტალზე: el.ge ასევე, სკოლამდელი განათლების საკითხებზე, ვებინარების ჩანაწერების მოძიება შესაძლებელია ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/skolamdeliganatleba. სკოლამდელი განათლების საკითხებით
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სკოლამდელი განათლების განვითარების
სამმართველოს მიწერონ ელფოსტის preschool@mes.gov.ge საშუალებით.