ფონდის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (Shota Rustaveli National Science Foundation – SRNSFG) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.
ფონდის სტრატეგიული ხედვა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამას „2021 - 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.
ფონდის მისიაა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სწრაფ სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.
ფონდის მიზანია ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა.
ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
ფონდის საქმიანობა
ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. SRNSFG ადმინისტრირებას უწევს 30-ზე მეტ საკონკურსო ეროვნულ და საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამას. ასევე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2 პროექტს - EURAXESS Georgia Network Startup –EuGeNesდა CALIPER.
2021 წლიდან ფონდი არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი-ევროპაში" შემავალი შემდეგი ინსტიტუციების ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში: ევროპული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (EIT); მარი სკლოდოვსკა -კიურის აქტივობების (MSCA); ერთობლივი კვლევითი ცენტრის (JRC).
2016-2020 წლებში ფონდი იყო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ შემავალი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში.
2020 წლის აპრილის თვიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,Twinning" პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაცია.
პროექტი ითვალისწინებს ფონდის შესაძლებლობების გაზრდას მისი უკვე არსებული და ადმინისტრირებული პროგრამების გაუმჯობესებისა და მიზნობრივი ღონისძიებების გზით, რომლებიც თანხვედრაშია ეროვნულ პრიორიტეტებსა და ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ გამოწვევებთან. პროექტი ფოკუსირებულია საქართველოში ბიზნესსა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობაზე და ხელს უწყობს ინტერსექტორული მულტიდისციპლინარული კვლევის შესაძლებლობებს ქვეყნის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სისტემის განვითარების მიმართულებით.
ფონდის მიერ წლიური საწევრო გადასახადების უზრუნველყოფის გზით საქართველოს მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთი საერთაშორისო კვლევითი ცენტრების პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN) და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (JIUR DUBNA).
2015 წლიდან ფონდი კოორდინაციას უწევდა 21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმის წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ის ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, Scopus), ხოლო 2019 წლიდან დღემდე კონსორციუმის წევრთა რაოდენობა შეადგენს 55-ს.
2018 წელს ფონდი 15 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის დამატებით ახორციელებდა წვდომას Clarivate Analitics-ის ბაზებთან, ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან (Web of Science, Derwent Innovation). 2019 წელს ფონდი აფინანსებდა სამეცნიერო სტაჟირებას ERC-ის გრანტის ბენეფიციარებთან.
ფონდის პრიორიტეტები და საგრანტო კონკურსები:
• საუკეთესო, გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოში
ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო პოტენციალის მქონე და ინოვაციურ ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევით პროექტებს მეცნიერების ყველა მიმართულებით. ფონდი ხელს უწყობს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა კვლევით პროექტებში მონაწილეობას და რეპატრიაციას, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განახლებას.
• საქართველოს მეცნიერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ახალგაზრდა მკვლევართა შესაძლებლობების განვითარება
ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა: პოსტ-დოქტორანტების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და რეზიდენტურის სტუდენტების კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას და სამეცნიერო პროექტებში მათ აქტიურ ინტეგრირებას. ფონდი აგრეთვე მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა აქტიურ ჩართულობას, მათი საერთაშორისო მობილობის, საქართველოში განხორციელებული აქტუალური და ინოვაციური კვლევების შედეგების საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებებზე წარდგენისა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სეზონური სკოლების ორგანიზების გზით.
• საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარება
საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევებისა და მიზნობრივი პროგრამების განვითარება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაცია ფონდის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა. ამ მიზნით ფონდი ადმინისტრირებას უწევს მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის კვლევების კონკურსს, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებების პროგრამას ევროპის უნივერსიტეტებში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კონკურსს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები“. 2019 წლიდან ფონდის მიერ მოხდა ახალი კონკურსების ადმინისტრირება, როგორიცაა: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსები; კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი.
• მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
ევროკავშირისა და აზიის წამყვანი ქვეყნების ეროვნულ სამეცნიერო ფონდებთან და ცენტრებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, უნგრეთი, თურქეთი, ისრაელი და ასევე ბილატერალური თუ მულტილატერალური პროგრამების მეშვეობით ფონდი ხელს უწყობს საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და საქართველოს მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ჩართულობას.
კვლევებისა და ინოვაციების ახალ პროგრამა „Horizon Europe“-თან მიმართებაში, განაცხადების რეგისტრაციის რაოდენობის გაზრდის მიზნით, ფონდი მოახდენს ადგილობრივი კვლევითი საზოგადოებისათვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
• მეცნიერების პოპულარიზაცია
ფონდის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მეცნიერების პოპულარიზაცია. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს მრავალ კონკურსს, სასწავლო საერთაშორისო პროგრამას. მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული კონკურსების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა ფართო საზოგადოებაში, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით ტარდება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ,,ლეონარდო და ვინჩი“; რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის; მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი; საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი. ფონდი ახორციელებს ,,წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის ადმინისტრირებას- უზრუნველყოფს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევას, მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის უზრუნველყოფას.
ფონდის 2022 წლის ბიუჯეტია 33 695 300 ლარი