ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.
საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.