საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა.
საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.
საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში.
სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.