15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.