საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:
15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი იწყება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.