15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.