ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის მნიშვნელობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების კომპეტენციების ზრდის მიმართულებით.