პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი კოლეჯი შეემატა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციების ცენტრი გახსნეს. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულებების ამოქმედება რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
ახალციხის პროფესიულ კოლეჯში „ოპიზარი“ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. კოლეჯში არსებულ სასწავლო გარემოსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად გაეცნო.