საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯს „ბლექსი“ ეწვია და ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან, რომლებიც კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ, შეხვედრა გამართა.
აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემის გამართვის პროცესში მაღალია რეგიონის მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობა.
კოლეჯმა „ბლექსი“ ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის მიმართულებით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ერთი წლის თავზე, შეძლო რეგიონის ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობით მომზადება-გადამზადების 19 პროგრამის განხორციელება, რომელიც 170-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.
შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის სფეროს ისეთი მსხვილი კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორიცაა სამშენებლო კომპანია „ანაგი“, ჰილტონ ბათუმი,
ღვინის რესტორანი „მარანი“, შპს „ელსტარი“ და შპს „ფასტ თრექ ტექსტილი“, ყურადღება დაეთმო ერთწლიანი თანამშრომლობის შეჯამებას, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემა მზადაა, ინტენსიური მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორთან, როგორც მომზადება-გადამზადების პროგრამების, ისე პარტნიორობის სხვა შესაძლებლობების გაღრმავების მიმართულებით.
იქიდან გამომდინარე, რომ თამარ ქიტიაშვილის რეგიონში ვიზიტი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდს დაემთხვა, მან თავად გაუწია მეგზურობა „ღია კარის დღეების“ ფარგლებში კოლეჯში მოსულ აპლიკანტებს და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც პროფესიული განათლების სისტემა და კოლეჯი „ბლექსი“ სთავაზობს მათ სადიპლომო მოდულური, დუალური თუ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სახით.
საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესთან დიალოგი გრძელდება.