გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით (UNHCR) და შვეიცარიის კონფედერაციის მასპინძლობით ონლაინღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს ლტოლვილთა პირველი გლობალური ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შუალედური მიმოხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, ლტოლვილთათვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ხელმძღვანელობდა.
ეკატერინე დგებუაძემ სიტყვით გამოსვლისას ლტოლვილთა გლობალური კომპაქტის (GCR) მიზნებისა და ჟენევაში გამართული ლტოლვილთა გლობალური ფორუმის ფარგლებში აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების შესრულების კუთხით საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველომ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებით ბოლო წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სწორედ აღნიშნული პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება.
ეკატერინე დგებუაძემ იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც ბენეფიციარებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ეხმარება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი (UNHCR) მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ჰუმანიტარული სააგენტოა, რომელიც 1950 წელს დაარსდა და დღესდღეობით 130-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. ორგანიზაციის მიზანია, როგორც ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დახმარება, ასევე, იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა განათლების უფლების დაცვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს და მას შემდეგ სახელმწიფოს აქტიურად უწყობს ხელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავების პროცესში.