საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ შეიმუშავა და დანერგა საჯარო მოხელეებისათვის ადაპტაციის პროგრამა , რომლის მიზანია ახლადდანიშნული თანამშრომლების ხელშეწყობა და სამსახურში მათი სოციალური ინტეგრაცია. პროგრამა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სამინისტროს სისტემას, სტრუქტურის აღწერას და სამინისტროში დაწესებულ ზოგად რეგულაციებს. მეორე ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციულ წარმოებას, ხოლო მესამე მოხელის საქმიანობის მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ აქტებზეა აგებული.
პროგრამა ახალ თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ყველა შეკითხვაზე მიიღონ ამომწურავი პასუხი და სიახლეებთან ადაპტირება ადვილად შეძლონ. 2022 წლის 19 აპრილს, სამინისტროში ახლადდანიშნულ მოხელეებს აღნიშნული პროგრამის გავლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.