საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აცხადებს სასკოლო კვირეულს, სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.
სასკოლო კვირეულის მიზანია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეები პროექტების სახით წარმოადგენენ თავიანთ ხედვას აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების მიმართულებებით.
პროექტის ტიპები
1. მატერიალურად შესრულებული პროექტები მაკეტის ფორმით, ან/და სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც წარმოადგენენ მატერიალური და ელექტრონული ფორმატის ჰიბრიდს.
2. ნებისმიერი მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პროექტები: საინფორმაციო ბროშურა, ბუკლეტი, ხელნაკეთი წიგნი, ნახატი, ესე, ბლოგი, ანიმაცია, ვიდეორგოლი, კომპიუტერული თამაში, თეატრალური კომპოზიცია და სხვა.
პირობები
სასკოლო კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულ ერთ პროექტს სკოლა წარადგენს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტო-ვიდეოს სახით (ნებისმიერი ელექტრონული მატარებლის სახით), ასევე, სკოლის მიერ, ელექტრონული ფორმით, რესურსცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის აღწერილობა/განმარტება.
მუნიციპალური ტურის გამარჯვებულ 10 პროექტს (ვიდეო და ფოტომასალების სახით) საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
დასკვნით ტურში გამარჯვებულებს გამოავლენს სასკოლო კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების კომისია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შეფასების კრიტერიუმები
დაჯილდოება
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორი სკოლები.
საკონკურსო ვადები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროექტების შემუშავება, ვიდეო ჩანაწერებისა და პროექტის შესახებ განმარტებების შესაბამის რესურსცენტრისთვის მიწოდება - არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილისა;
2. რესურსცენტრის მიერ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 10 საუკეთესო პროექტის გამოვლენა და ვიდეო ჩანაწერებისა და პროექტების შესახებ განმარტებების მიწოდება სამინისტროსთვის - არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისისა.