საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის შერაზ გასრის თავმჯდომარეობით ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, მიღწეულ შედეგებს და ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მზარდ დინამიკას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ და ელჩმა, ადმინისტრაციული საბჭოს წევრებთან ერთად, იმსჯელეს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის მანდატის გაფართოების აუცილებლობაზე, მასში პროფესიული განათლებისა და მეცნიერების კომპონენტების ინტეგრირების თვალსაზრისით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტის განხორციელების მიმდინარეობა ორმაგი ხარისხის მქონე ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის პროექტში, როგორც ფრანგული, ასევე ქართული მხრიდან, ახალი უნივერსიტეტების შემოერთების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ ფონდის საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.