საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციის „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის‘‘ გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
საერთაშორისო, ორდღიანი კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ მიიღო. მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას, მოზარდებში ცნობიერების ამაღლების კუთხით, ძალადობისა და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა, მათ შორის, სასკოლო სივრცეში სოციალური მუშაკის კომპონენტზე.
გელა გელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით, მასწავლებელთათვის დანაშაულის პრევენციის კურსის დაწყების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი ინიციატივები ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა ევროპული კონფედერაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას გაუზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა: ქართული ინოვაცია „PROBBOX“, „ციფრული უნივერსიტეტი“, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა. თავის მხრივ, ქართული მხარე გაეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და შედეგად საზოგადოების უსაფრთხოებას. კონფერენციაზე ასევე, იმსჯელებენ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, პრობაციის სისტემებზე ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობაზე დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობებზე.
კონფერენციაში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას თბილისის დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.