საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტაჟირების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლის სურვილი გამოთქვეს და გაიარეს შესაბამისი გასაუბრება. კერძოდ, 100-მდე ახალგაზრდა, რომელიც 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადის.
შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.
მინისტრმა ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობაც გააცნო და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, თითოეულ სტაჟიორს სამინისტროში თავისი მენტორი ეყოლება, მათ ექნებათ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი და სტაჟირების დასასრულს ისინი მიიღებენ შესაბამის დახასიათებას.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა.
შეხვედრის ფარგლებში სტაჟიორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვების დასმის და დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომლის კოორდინაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.
პროგრამის დაწყებიდან პირველივე წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები.
ახალგაზრდები, რომლებმაც უკვე შეავსეს შესაბამისი განაცხადები და გაიარეს გასაუბრების ეტაპი 2024 წლის სექტემბრიდან უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.