სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტთა განაცხადების მიღებას იწყებს.
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მიზნით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ.
განცხადებები მიიღება 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg.mes.gov.ge
2024 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მაგისტრატურის 5 კატეგორიის სტუდენტთა დაფინანსებას:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- სოციალურად დაუცველთა ბაზებში რეგისტრირებული სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
- საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები.