„დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა.
წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
მინისტრებმა სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მას დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია, შესაბამის სერტიფიკატთან ერთად, გადასცეს.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელებულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გუნდს. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ხელშეწყობის კუთხით სამინისტრო მათთან თანამშრომლობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
თეა ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი უნიკალური მექანიზმები და საშეღავათო პროგრამები. მან ასევე ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია.
დიმიტრი გულიას სახელობის 2024-2025 წლის სტიპენდიატი ჯეირან გვაგვალია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებს.
„დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან სტუდენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.