საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს ლორ კასტენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და ყურადღება განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ლორ კასტენმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა და სამინისტროს წარმომადგენლები ფრანკოფონიის გენერალურ ასამბლეაზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს ბიუროს წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო 119 ქვეყნის 1000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და უმაღლესი განათლების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. სააგენტო ყოველ წელს პარტნიორ ქვეყნებს შორის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს ახორციელებს.