პროგრამის მიზანია
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზით პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა.
აღწერა
საქართველოს კონსტიტუციისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ზოგადი განათლების გამჭვირვალობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ბრალდებული და მსჯავრდებული მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და აკადემიური განვითარებისათვის.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, ქ. თბილისის N8 და ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისათვის. (N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდება ბენეფიციარის არსებობის შემთხვევაში).
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სწავლებას ახორციელებენ პედაგოგები, რომელთაც ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ სსიპ ქალაქ თბილისის N123 საჯარო სკოლასთან, ხოლო ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სწავლებას ახორციელებენ კონკურსის წესით აყვანილი 8 (რვა) პედაგოგი (4 პედაგოგი თბილისის N8 დაწესებლებაში, ხოლო 4 პედაგოგი ქუთაისის N2 დაწესებულებაში), რომელთაც ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სპეციფიურ გარემოში შეისწავლონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები, გარდა ამისა, ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ექსტერნატის, ასევე სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც საქართველოს განათლებისა და მედნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა დაკომპექტებულია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით, საგაკვეთილო პროცესის შემოწმების მიზნით, ახორციელებს მონიტორინგს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, ქ. თბილისის N8 და ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.