ზემოაღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ. სკოლის ექიმებად საქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - საოჯახო მედიცინა/პედიატრია. სკოლის ექიმების გადამზადებას და მათი საქმიანობის მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზენბით, ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სკოლის ექიმების ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა შემდეგ თემებზე - ახალგაზრდებისა და მოზარდების ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დაავადებების პრევენცია, ჰიგიენა და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ მედიცინის დოქტორი, ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურთან არსებული EuTEACH-ის კოორდინატორი პიერ-ანდრე მიშო და ქართველი ექსპერტები.
პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა, ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ.