2015 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
საბჭოს წარედგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო განხილვების შედეგად შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს საბოლოო პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზაციას და მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას; სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის კონცეფცია; პროფესიული კვალიფიკაციების შეფასების გარე ხარისხის უზრუნველყოფის (ვერიფიკაციის) ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე სქემის განხორციელების სამოქმედო გეგმა. საბჭომ ასევე განიხილა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და კარიერული ზრდის რეგულაციის მოდიფიცირებული ვარიანტი. საბჭომ მოიწონა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი და მიიღო რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სამინისტროს მიერ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას კონცეფციების იმპლემენტაციისათვის.
საბჭოს სხდომას პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.