პროფესიული განათლების სპეციალისტთა მომზადებას გულისხმობს პროექტი „პროფესიული გადამზადების პროგრამა პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდა პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგიკის, დიდაქტიკის, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.
პროფესიული განათლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სამი ფაზისაგან, რომელიც მოიცავს შვიდ მოდულს. პროგრამის საწყისი მოდულები განხორციელდება საქართველოში, ხოლო პროგრამის დანარჩენი საგანმანათლებლო მოდულები განხორციელდება გერმანიაში.
აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება კონკურსში გამარჯვებულ სამივე ქვეყნის მონაწილეებს გაიღრმავონ ცოდნა პროფესიული განათლების თანამედროვე ტენდენციების შესახებ, გაიზიარონ გერმანული გამოცდილება და გამოიყენონ მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის საკეთილდღეოდ.