საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო. ის ასევე გაეცნო დაწესებულებაში სწავლის პროცესს და შეხვდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს საგაზაფხულო მიღებაზე 106 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დარეგისტრირდა. აქედან 95 ალტერნატიულ პროფესიულ ტესტირებას გაივლის და მის შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამაზე ჩაირიცხება.
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ სრულიად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის; დაწესებულება აღჭურვილია ლიფტით, პანდუსითა და სველი წერტილით.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების უზრუნველყოფა სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, პირადი ასისტენტი და სხვა) მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო. ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.