23 აპრილს, დილის 9 საათიდან, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საღამოს კურსებიც.
განსაზღვრულ პერიოდში ტესტირებაზე დარეგისტრირებისა და მისთვის სასურველი პროფესიული პროგრამის, კოლეჯის ან უნივერსიტეტის შერჩევის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა. ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებული იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge).
2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია შვიდი ათასამდე მსურველმა გაიარა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!
პროფესიული ტესტირება 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2015 წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 28 000-ზე მეტმა პროფესიულმა სტუდენტმა. მათგან 425 პროფესიული სტუდენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო.