საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია „პროფესიული განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზმის მიმართულებით“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორმა მარიტა რიდელმა.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები ქვეყნის სოციო–ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმასა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ასევე, დუალური პროფესიული განათლების როლზე ტურიზმის მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრაქტიკული სწავლების თავისებურებებს და საქართველოში სასტუმრო მომსახურების სფეროსათვის მნიშვნელოვან პროფესიებში კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას.
კონფერენციას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიულ განათლებაში ჩართული დონორი ორგანიზაციები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.