პროგრამა ითვალისწინებს 4-წლიანი საბაკალავრო საფეხურის სწავლების დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად, სრულად დაიფარება საქართველოდან შერჩეული 3 სტუდენტის სწავლის გადასახადი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ სტუდენტებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ.
განაცხადები მიიღება 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. განაცხადების წარდგენის ვადები განსაზღვრულია როგორც ადრეული (early decision), ისე რეგულარული ჩარიცხვისთვის (regular decision). ადრეული ჩარიცხვისთვის განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს 2016 წლის 16 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, შერჩეული სტუდენტები გამოვლინდებიან 2016 წლის 22 ოქტომბერს.
რეგულარული ჩარიცხვისთვის განაცხადის წარდგენის ვადებია 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, ხოლო შერჩეული სტუდენტები გამოვლინდებიან 2017 წლის 13 იანვარს. შერჩეულ სტუდენტთა დარეგისტრირება განხორციელდება 2017 წლის 16-20 იანვარს.
დეტალური ინფორმაცია ჰანკუკის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და განაცხადის წარდგენის პროცედურების შესახებ, ასევე საინფორმაციო ბროშურა და სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ, იხილოთ დანართის სახით.