პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!
რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, რეგისტრურებულ აპლიკანტებს გადაეცემათ საგამოცდო ბარათები, რომლებზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს ეძლევა შესაძლებლობა გადახედონ რეგისტრაციისას გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).
შეგახსენებთ, რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 2 დღე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და აკეთეთ საყვარელი საქმე!!!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!