პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, 15 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ 100-ზე მეტ პროფესიას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით შექმნილ თანამედროვე, დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ ახალ პროგრამებზე საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში. აღსანიშნავია, რომ ამ პროფესიების ნაწილი საქართველოში ამ დრომდე არ ისწავლებოდა და მსურველებს წელს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიას, რომელიც ხელს შეუწობს კურსდამთავრებულების სწრაფ და მაღალანაზღაურებად დასაქმებას. რიგი პროგრამები დიპლომის გარდა სრულდება საერთაშორისო სერტიფიცირებითაც. ამასთანავე, პირველად ინერგება დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამები ტურიზმის მიმართულებით თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, პოტენციურ სტუდენტებს გადაეცემათ საგამოცდო ბარათები, ინფორმაციით ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, კი ეძლევათ საშუალება ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).
შეგახსენებთ, დღეს, დღის ბოლოს სრულდება რეგისტრაციის პროცესი, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და აკეთეთ საყვარელი საქმე!!!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!