ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.
პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის, 22 წლამდე ასაკის, 1300 წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, ჩვენ ქვეყანას და საქართველოში პროფესიული განათლების დონეს წარმოაჩენენ ჩვენი პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებიც. ისინი 7 პროფესიაში: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინში შეეჯიბრებიან თანატოლებს.
საერთაშორისო კონკურსზე წარგზავნილები თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები არიან. შეჯიბრი შვიდ პროფესიაში ჩატარდა და სწორედ, ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.
Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და პედაგოგებმა, საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. მათი პროფესიონალიზმი Worldskills-ის ორგანიზატორების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასდა.
კონკურსი წელს 44-ედ იმართება, საქართველო კი, მესამე წელია რაც ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას შეუერთდა. საქართველოს წარმომადგენლებმა გასულ წლებში გერმანიასა და ბრაზილიაში გამართულ კონკურსებზე წარმატებით იასპარეზეს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
ერთობლივი პროექტია და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოში
პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან
დაახლოება და ინტერნაციონალიზაციაა. WorldSkills არის შესანიშნავი პლატფორმა პროფესიული
უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის.