განათლების მსოფლიო ფორუმზე ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც პროფესიული განათლების კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე, რაც ქართული უნივერსიტეტების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაფუძნებას გულისხმობს. კერძოდ, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საბაკალავრო პროგრამაზე, პროფესიულ პროგრამაზე დაგროვილი კრედიტები მარტივად გადაიტანონ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ცვლილებებს, რომლის თანახმად, ატესტატის არმქონე პირებს შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური კურსები გაიარონ და სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტი მიიღონ, რომლის შედეგადაც შეძლებენ პროფესიულ პროგამაზე სწავლის გაგრძელებას.
მიხეილ ჩხენკელმა და განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტოს (ESFA) წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზეც. კერძოდ, კომპანიების ბაზაზე პროფესიული კურსების გახსნაზე, რაც წარმატებულ სტუდენტებს იმავე კომპანიაში დასაქმების შანსს მისცემს. საუბარი შეეხო ასევე მინისტრის ინიციატივას ბრიტანული და ქართული კოლეჯების სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომლის საშუალებით, სტუდენტებს მიეცემათ ცოდნის ასამაღლებლად გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ამისათვის კი საჭირო იქნება პროფესიულ განათლებაში დასაქმებული პირების გადამზადება და ახალი კოლეჯების დაფუძნება, რაშიც განათლებისა და პროფესიული უნარების სააგენტო, სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.