საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „ნიკორა“ ტრეიდის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორდა. დოკუმენტს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.
მემორანდუმით გაფორმებული თანამშრომლობა ითვალისწინებს მომსახურების სფეროში, კომპანიის ბაზაზე, სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური სწავლების პროგრამების განხორციელებას პროფესიული სტუდენტებისთვის; კომპანიაში საწარმოო პრაქტიკისთვის საჭირო გარემოსა და რესურსების მობილიზებას; სამინისტროს ან კოლეჯების მიერ პროფესიული განათლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლების ჩართვას. გარდა ამისა, საუკეთესო კურსდამთავრებულებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ.
საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ემსახურება პროფესიული განათლების განვითარებას, შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.