ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამოცხადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან და საქართველოს ბანკის დირექტორთან, კახა კიკნაველიძესთან ერთად მიიღო.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა პირველი აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს: ge.usembassy.gov