თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორ, ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტში, საქართველოს შემსწავლელი ცენტრი დაარსდება. ამ თემაზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და ლანჯოუს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ბაო ბაოტინს შორის.
ქართული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში ჩინეთის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნა გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს შეისწავლონ საქართველოს კულტურა, ქართული ენა. თავის მხრივ, ჩინეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ქართველი სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებლობა ჩინურ კულტურას ეზიარონ და განათლება გაიღრმავონ.
ცენტრში სწავლება განხორციელდება როგორც საქართველოდან ჩასული პროფესორ მასწავლებლების მიერ, ასევე ონლაინ, თბილისის ღია უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების დახმარებით.