საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან ერთად ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების შემსწავლელი ცენტრის ახალი შენობა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიხსნა ლიეტუვას ნაციონალური მუზეუმის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე, რომელიც ლიეტუვამ 16 თებერვალს იზეიმა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავზე საქართველოში მისი სტუმრობა დიდი პატივია.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს ხანგრძლივ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ქვეყნებმა, რომლებმაც ერთად გამოიარეს საბჭოთა ავტორიტარიზმის დრამატული ათწლეულები და იმ ურთულეს პერიოდში ქართველებსა და ლიეტუველებს თავისუფლებისკენ სწრაფვა და მომავალის საერთო ხედვა აერთიანებდა.
ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 2012 წელს დაარსდა. ცენტრი ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას, გაეცნონ ლიეტუვურ კულტურას და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. სალექციო კურსს ლიეტუვუდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი, ვიდას კავალიაუსკასი, ხელმძღვანელობს.