საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ხელი მოაწერა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ქართველი მოსწავლეები იულიხის კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში (JuLab) წასვლასა და STEM-ის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.
ორმხრივი ხელშეკრულება ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, უმაღლესი დონის კვლევით ლაბორატორიას ესტუმრონ და, ერთი მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური თანამედროვე ბაზები გამოიყენონ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ თანატოლებთან და პედაგოგებთან კავშირები დაამყარონ.
ექსპერიმენტული ლაბორატორია (JuLab) იულიხის კვლევით ცენტრში 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცენტრს სკოლის მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. მოზარდებისთვის ცენტრი საუკეთესო შესაძლებლობაა მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებისთვის. ამასთან, ლაბორატორია წარმოადგენს საუკეთესო საფუძველს, რომ სხვადასხვა პროგრამისა და პროექტების საშუალებით სამეცნიერო საქმიანობაში ბავშვები სკოლის ასაკიდან ჩაერთონ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიული სამუშაოების პარალელურად, ასევე, სკოლის მასწავლებლების გადამზადებაც JuLab-ში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.