განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს. ეს იქნება შესაძლებლობა მოკლე დროში გადაიდგას შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რადგან „ციფრული სკოლის კონცეფცია“ სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.
ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი.
ამასთანავე, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელი მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების ფინანსური წახალისება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და განვითარების მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.