გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.
პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.